15.04.2016

D ვიტამინი წარმოადგენს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ვიტამინს. ის არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, აუცილებელია კბილებისა და ძვლების ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდ ადამიანს აქვს D ვიტამინის ნაკლებობა. მისი უკმარისობა შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ეთნიკურ და ასაკობრივ ჯგუფში.

დღესდღეობით არსებობს ცნობები, რომ D ვიტამინის ნაკლებობა დაკავშირებულია შემდეგ დაავადებებთან: ოსტეოპოროზი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ზოგიერთი სიმსივნე, გაფანტული სკლეროზი, ასევე ინფექციური დაავადებები, მაგ: ტუბერკულიოზი და სეზონური გრიპიც კი.

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარდა ნორსვესტერნის უნივერსიტეტში (აშშ), არსებობს კავშირი სისხლში D ვიტამინის დაბალ დონესა და პროსტატის სიმსივნის აგრესიულ ფორმას შორის.

კვლევას ხელმძღვანელობდა დოქტორი ადამ მერფი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ თემაზე და წინა კვლევებითაც აჩვენა, რომ არსებობს ეს კავშირი, მაგრამ წინა ექსპერიმენტებში, პაციენტების სისხლში D ვიტამინის დონის შეფასება ხდებოდა სიმსივნის მკურნალობის დაწყებამდე. ახალი კვლევის შემთხვევაში კი, ჯერ სისხლში D ვიტამინის დონე განსაზღვრეს და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ განახორციელეს პროსტატის სიმსივნის აგრესიული ფორმის ვიზუალური იდენტიფიცირება, პროსტატექტომიის შედეგად (პროსტატის ამოკვეთა).

წარმოდგენილი კვლევა არის მიმდინარე, დიდი პროექტის ნაწილი, კერძოდ ჩიკაგოში 1760 მამაკაცზე სწავლობენ D ვიტამინის დეფიციტსა და პროსტატის სიმსივნეს შორის არსებულ კავშირს.

ამჟამად წარმოდგენილი კვლევა მოიცავდა 190 მამაკაცს, რომელთა საშუალო ასაკი შეადგენდა 64 წელს, მათ 2009 – 2014 წლებში ჩაუტარდათ რადიკალური პროსტატექტომია. მათგან 87 მამაკაცს აღმოაჩნდა სიმსივნის აგრესიული ფორმა. ამ პაციენტებში D ვიტამინის საშუალო დონემ შეადგინა 22.7ნგ/მლ, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ნორმაზე, D ვიტამინის ნორმა სისხლში არის 30 ნგ/მლ.

როგორც დოქტორმა ადამ მერფიმ განაცხადა, D ვიტამინის უკმარისობით შეიძლება პროსტატის სიმსივნის აგრესიული ფორმის პროგნოზირება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის კიბოს ასოციაციის მიხედვით, ყოველ მე-7 მამაკაცს, მისი სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე, პროსტატის სიმსივნის დიაგნოზს უსვამენ.

კვლევა გამოქვეყნდა 22 თებერვალს, კლინიკური ონკოლოგიის ჟურნალში (აშშ).
სტატიაზე მუშაობდა: თინათინ ქაჩლიშვილი

წყაროები:
http://www.ndtv.com/health/vitamin-d-deficiency-linked-to-aggressive-prostate-cancer-1283224
http://www.northwestern.edu/newscenter/stories/2016/03/vitamin-d-prostate-cancer.html
http://www.universityherald.com/articles/28950/20160302/vitamin-d-deficiency-linked-to-aggressive-prostrate-cancer.htm
http://www.hsph.harvard.edu/nutritionsource/vitamin-d/#vitamin-d-deficiency-a-global-concern