04.06.2016

რას იკვლევს მოცემული ტესტი?
გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი ადგენს, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ხდება ორგანიზმში გლუკოზის მეტაბოლიზმი. გლუკოზა ორგანიზმისთვის (განსაკუთრებით თავის ტვინისთვის) ენერგიის მთავარ წყაროს წარმოადგენს. ადამიანი მას საკვებიდან იღებს.

საკვების მიღების შემდეგ, სისხლში გლუკოზის დონე იმატებს. ამის საპასუხოდ, პანკრეასიდან ჰორმონ ინსულინის გამოთავისუფლება ხდება. ინსულინის დახმარებით გლუკოზა უჯრედებში აღწევს და სისხლში მისი დონე ისევ ქვეითდება. გლუკოზის დონე სისხლში მომატებული რჩება, თუ არ ხდება ინსულინის საკმარისი რაოდენობით გამომუშავება (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1), ან თუ უჯრედები ინსულინის მიმართ რეზისტენტულები არიან (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2).

რისი დიაგნოსტირებისთვის ინიშნება?
გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი ინიშნება პრედიაბეტისა და დიაბეტის სადიაგნოსტიკოდ. ეს ანალიზი ასევე შეიძლება გაკეთდეს გესტაციური დიაბეტის გამოსავლენად.

როგორ კეთდება ეს ტესტი?
თავდაპირველად, ვენიდან სისხლის აღებით ისაზღვრება გლუკოზის დონე უზმოდ, შემდეგ პაციენტს აძლევენ 75გრ გლუკოზის ხსნარს და გლუკოზის დონეს საზღვრავენ 2სთ-ის შემდეგ.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?
ამ ანალიზისთვის საჭიროა უზმოდ ყოფნა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ანალიზის შედეგზე, ამიტომ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და ტესტისთვის მოსამზადებლად მისგან დეტალური ინსტრუქციის მიღება.

შედეგების ინტერპრეტაცია
ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია ექიმის მიერ უნდა მოხდეს.
ჩვეულებრივ, გლუკოზის მიღების შემდეგ, მისი დონე სისხლში იმატებს, რაც ინსულინის გამოყოფას ასტიმულირებს. ინსულინის მეშვეობით, სისხლში გლუკოზის დონე ისევ ნორმას უბრუნდება. თუ ეს არ მოხდა და გლუკოზის დონე 2 სთ-ის შემდეგ ისევ მომატებულია, ჩანს გლუკოზისადმი ტოლერანტობა დარღვეულია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არასაკმარისი რაოდენობის ინსულინით ან ინსულინისადმი არსებული რეზისტენტობით.

სტატიაზე მუშაობდნენ: თ.ქაჩლიშვილი და თ.ხუციშვილი