კორტიზოლი სტეროიდული ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება და გამოიყოფა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის მიერ.

კორტიზოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის რაოდენობაზე, მონაწილეობს არტერიული წნევის ნორმალური დონის შენარჩუნებაში და არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. აგრეთვე, ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში.

კორტიზოლის წარმოქმნა რეგულირდება ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მიერ. როდესაც სისხლში კორტიზოლის დონე იკლებს, ჰიპოთალამუსიდან გამოიყოფა კორტიკოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ჰიპოფიზიდან აკტჰ-ს (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი) გამოყოფას. აკტჰ კი ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიზოლის წარმოქმნას.

რისთვის კეთდება კორტიზოლის ტესტი?

კორტიზოლის ტესტი ინიშნება თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისათვის, როდესაც პაციენტს ამ ჰორმონის ჭარბი ან არასაკმარისი პროდუქციის ნიშნები აქვს.  მაგ. კუშინგის სინდრომის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს საკმაოდ დიდი რაოდენობით კორტიზოლს, ხოლო ადისონის დაავადების დროს კორტიზოლის არასაკმარისი პროდუქცია ხდება.

კუშინგის სინდრომის ნიშნებია:

  • სიმსუქნის დამახასიათებელი ტიპი – მთვარისებური სახე და ცხიმის დაგროვება ტანზე
  • მაღალი არტერიული წნევა
  • სისხლში გლუკოზის მომატება
  • კანის ატროფია
  • მუცლის კანზე მოწითალო-მოვარდისფრო ზოლები – სტრიები
  • კუნთების ატროფია
  • საერთო სისუსტე
  • ოსტეოპოროზი
  • ქალებში არარეგულარული მენსტრუალური ციკლი და სახის თმიანობა (მამაკაცის მსგავსად)
  • ბავშვებში აღინიშნება ზრდისა და განვითარების შეფერხება

ადისონის დაავადების სიმპტომები:

  • წონაში კლება
  • დაღლილობა, კუნთების სისუსტე
  • მუცლის ტკივილი
  • კანის გამუქება
  • დაბალი არტერიული წნევა
  • გულისრევა, პირღებინება
  • დიარეა
  • სხეულზე თმოვანი საფარველის შემცირება

როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?

ვინაიდან სტრესი გავლენას ახდენს კორტიზოლის დონეზე, მიზანშეწონილია პაციენტმა ერთი დღით ადრე თავი აარიდოს ფიზიკურ დატვირთვას და იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. აგრეთვე, საჭიროა შეწყდეს იმ მედიკამენტების მიღება, რომელთაც შეუძლიათ ანალიზის პასუხის შეცვლა (მაგ. ესტროგენები, ანდროგენები, პრედნიზოლონი, ფენიტოინი, ორალური კონტრაცეპტივები, ჰიდროკორტიზონი და ა.შ).

რადგან კორტიზოლის დონე იცვლება დღის განმავლობაში, ამიტომ ორჯერ იღებენ სისხლს ვენიდან:

  • I –  დილით (დაახლოებით დილის 8 სთ-ზე)
  • II – საღამოს (დაახლოებით საღამოს 4 სთ-ზე)

ზოგჯერ კორტიზოლის დონეს საზღვრავენ 24 საათიან შარდშიც, ასევე, კეთდება ნერწყვის ანალიზი. ამ შემთხვევაში, ნიმუშის აღება საჭიროა საღამოს 11-დან 12 საათამდე.  ნერწყვის ანალიზის აღების წინ, 15-30 წუთით ადრე, უნდა გამოირიცხოს პაციენტის მიერ საკვებისა და სასმელის მიღება.

საჭირო ინფორმაცია:

ჩვეულებრივ, კორტიზოლის დონე იმატებს დილის საათებში და იკლებს საღამოს, მაგრამ თუ ადამიანი ღამით ფხიზლობს (მაგ. ღამის მორიგეობის გამო) და დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს იძინებს, მაშინ კორტიზოლის წარმოქმნის ეს განრიგი შეიძლება შეიცვალოს. კორტიზოლის დონეზე მრავალ ფაქტორს შეუძლია იქონიოს გავლენა, მათ შორის ფიზიკურ და ემოციურ სტრესს, ინფექციას, ტრავმას, სიმსუქნეს, ქრონიკულ დაავადებებს და სხადასხვა მედიკამენტს.