07.04.2016
მეცნიერების გუნდმა, იერუსალიმის ჰიბრუს უნივერსიტეტიდან და ჰადასას სამედიცინო ცენტრიდან, 300 პაციენტს ჩაუტარა კლინიკური კვლევა. კვლევის მიზანი იყო შეექმნათ სისხლის ანალიზი, რომლის საშუალებითაც შეძლებდნენ ისეთი დაავადებების გამოვლენას საწყის სტადიაში, როგორიცაა დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, პანკრეასის სიმსივნე, პანკრეატიტი და აგრეთვე თავის ტვინის დაზიანებები.
მკვლევარებმა გამოიყენეს ორი მნიშვნელოვანი, ბიოლოგიური ასპექტი:
პირველი – დაღუპული უჯრედებიდან გამოთავისუფლდება დნმ, რომელიც ერთვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში.
მეორე – ყოველი უჯრედის დნმ-ს ახასიათებს ქიმიური მოდიფიკაცია – მეთილირება. დნმ-ს მეთილირების სურათით შეიძლება დაღუპული უჯრედის ტიპის იდენტიფიცირება.
ამ ცნობების კომბინაციით, მკვლევარებმა შეძლეს სისხლში დნმ-ს მეთილირების იდენტიფიკაცია და შესაბამისად, დაზიანებული ქსოვილის განსაზღვრა.
მაგალითად, გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში 19-დან 14 პაციენტში მოახდინეს თავის ტვინის უჯრედების – ოლიგოდენდროციტების დნმ-ის იდენტიფიკაცია.
ავტორების განცხადებით, სანამ ანალიზი პრაქტიკაში დაინერგება, საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება პაციენტების უფრო დიდ რაოდენობაზე.
სტატიაზე მუშაობდა: თინათინ ქაჩლიშვილი
კვლევა გამოქვეყნდა 2016 წლის 14 მარტს ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში, წყარო: https://new.huji.ac.il/en/article/29796