PSA არის ცილა, რომელსაც წინამდებარე ჯირკვლის ანუ პროსტატის უჯრედები წარმოქმნიან. მისი როლია სპერმის გათხევადება. PSA-ს უმეტესი ნაწილი ორგანიზმიდან სათესლე სითხესთან ერთად გამოიყოფა; მხოლოდ მისი მცირე ნაწილი გადადის სისხლში. აქ ის ორი ფორმით არსებობს: თავისუფალი PSA(fPSA) და ცილასთან შეკავშირებული (cPSA). PSA-ს სტანდარტული ტესტი სისხლში ამ ორი ფორმის ჯამურ რაოდენობას განსაზღვრავს.
პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი ასევე ცნობილია, როგორც ადამიანის კალიკრეინი 3.
რატომ კეთდება PSA-ს ტესტი?
ტესტი გამოიყენება:
- პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის
- პროსტატის ბიოფსიის საჭიროების დასადგენად
- პროსტატის კიბოს მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის
- პროსტატის კიბოს რეციდივის გამოსავლენად
PSA-ს ტესტი პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შესაძლებლობას ზრდის. მიუხედავად ამისა, საეჭვო სიმპტომების არმქონე მამაკაცებში PSA-ს ტესტის რუტინული გამოყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის საკამათო საკითხია. მამაკაცებს, რომელთაც პროსტატის კიბოსთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვთ (წელის ტკივილი; ტკივილი მენჯის არეში; გაძნელებული, გახშირებული და/ან მტკივნეული შარდვა) PSA ტესტირება ხშირად უტარდებათ სწორი ნაწლავის ხელით გასინჯვასთან (DRE – digital rectal examination) ერთად.
იმ პაციენტებში, რომელთაც პროსტატის კიბოს დიაგნოზი აქვთ დასმული, PSA-ს ტესტის დახმარებით შეიძლება განისაზღვროს რამდენად შორსწასულია სიმსივნური პროცესი.
როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?
საჭიროა ვენური სისხლი. ანალიზის გაკეთებამდე 24 საათის განმავლობაში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ეაკულაციისგან.
აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ტიპის აქტივობას (მაგ. ველოსიპედით სეირნობას) შეუძლია პროსტატაზე ზემოქმედება და PSA-ს დონის დროებითი გაზრდა. PSA ასევე იმატებს პროსტატის სწორი ნაწლავიდან გასინჯვისას, ამიტომ PSA-ს ტესტი ამ გამოკვლევის ჩატარებამდე უნდა გაკეთდეს. იმავე მიზეზის გამო, სისხლს ანალიზისთვის პროსტატაზე რაიმე სახის მანიპულაციის ჩატარებამდე იღებენ, ან PSA-ს ტესტირებას მანიპულაციიდან 6 კვირის შემდეგ აკეთებენ.
რას ნიშნავს მომატებული PSA?
PSA-ს მომატება შეიძლება გამოიწვიოს პროსტატის ნებისმიერმა დაავადებამ:
- პროსტატის კეთილთვისებიანმა ჰიპერპლაზიამ
- პროსტატიტმა
- პროსტატის კიბომ
PSA-ს მომატება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა:
- საშარდე გზების ინფექცია
- ცისტოსკოპია
- პროსტატის ბიოფსია
- პროსტატაზე ქირურგიული ჩარევა
- დიდი ზომის პროსტატა
- ეაკულაცია
- პროსტატის გასინჯვა
- შარდის შეკავება
- შარდის ბუშტში კათეტერის ჩადგმა
- ასაკი (PSA-ს დონე ასაკთან ერთად იმატებს)
ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია PSA-ს დონე დაწიოს. ასეთებია – ფინასტერიდი, დუტასტერიდი, ანტიანდროგენული მედიკამენტები (ფლუტამიდი, ნილუტამიდი, ბიკალუტამიდი).
PSA-ს დაბალი დონე პროსტატის კიბოს არსებობას არ გამორიცხავს. თუმცა, ზოგადად, რაც უფრო მაღალია PSA-ს დონე, მით უფრო მაღალია კიბოს ალბათობა. PSA-ს სწრაფი ან განუწყვეტელი მატება, ან მისი დონის სწრაფი ცვლილებები, კიბოს არსებობის შანსს კიდევ უფრო ზრდიან. პროსტატის კიბოს არსებობა უფრო სავარაუდოა აგრეთვე იმ მამაკაცებში, რომელთაც დაქვეითებული fPSA ან მომატებული cPSA აღენიშნებათ.
PSA-ს ტესტს დახმარების გაწევა შეუძლია პროსტატის კიბოს გამოვლენაში, მაგრამ მხოლოდ PSA-ს ტესტის შედეგების მიხედვით კიბოს დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. კიბოს უტყუარი დიაგნოსტირების ერთადერთი გზაა პროსტატის ბიოფსია.
PSA-ს მომატება იმ პაციენტებში, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდათ, რეციდივის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.