ფოლიუმი B9 ვიტამინის სახელითაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნივთიერება ორგანიზმში ბუნებრივად არ წარმოიქმნება, ის აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ფოლიუმი დნმ-ის სინთეზსა და რეპარაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, რადგან მისი დეფიციტი ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების რისკს ზრდის.

კვლვები ადასტურებენ, რომ ადამიანების უმრავლესობა დღის განმავლობაში ფოლიუმის საჭირო რაოდენობას არ იღებს, ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში პურის ფქვილს და მისგან დამზადებულ ბევრ პროდუქტს ხელოვნურად ამდიდრებენ ფოლიუმით. სახელით “ფოლიუმის მჟავა” სწორედ ხელოვნურად დამატებულ ფოლიუმს მოიხსენიებენ. მოზრდილებს ფოლიუმის დაახლოებით 3 თვის მარაგი აქვთ სხეულში.

ზრდასრული ადამიანისთვის ფოლიუმის მჟავის დღიური რეკომენდებული ნორმა 400მკგ-ია, ორსულებისთვის კი 600მკგ.

ფოლიუმი და ორსულობა

ორსულობის ადრეულ ეტაპზე ფოლიუმის ნაკლებობა ნერვული მილის დეფექტებს უკავშირდება (მაგ: სპინა ბიფიდა, რომელსაც ახასიათებს ხერხემლის არხის არასრულად დახურვა, ასევე – თავის ტვინის, ხერხემლის ან ზურგის ტვინის დეფორმაციები).

საპირისპიროდ, ქალებში, რომლებიც ფოლიუმის დღიურ ნორმას იღებენ ორსულობამდე და ორსულობის დროს, ასეთი დეფექტების შემთხვევები გაცილებით ნაკლებად გვხვდება.

ფოლიუმის რეკომედებული დღიური ნორმა რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალებისთვის მინიმუმ 400მკგ-ია.

რომელი პროდუქტი შეიცავს ფოლიუმს?

ფოლიუმს ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს, ესენია – ღვიძლი, ლობიო და სხვა პარკოსნები, სატაცური, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, კომბოსტო), თხილი, ნუში და სხვა.

ფოლიუმის დეფიციტის სიმპტომები

მოზრდილებში ფოლიუმის დეფიციტი სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს – შეიძლება თავი იჩინოს დაღლილობამ, თავის ტკივილებმა, დემენციამ. ფოლიუმის დეფიციტის მთავარი მანიფესტაცია მეგალობლასტური ანემიაა. B12 ვიტამინის ნაკლებობისგან განსხვავებით, ამ დროს განვითარებულ ანემიას ნევროლოგიური დარღვევები არ ახლავს. 

ფოლიუმის დაბალი დონის მიზეზი შეიძლება იყოს:

• მალაბსორბცია;

 • ალკოჰოლიზმი

• ზოგიერთი მედიკამენტი, მაგ. მეტოტრექსატი, ომეპრაზოლი, ფენიტოინი და სხვ.

• ფოლიუმის არასაკმარისი რაოდენობით მიღება

• კიბო

ფოლიუმის დეფიციტის მომატებული რისკი აქვთ ხანშიშესულებსაც.

ფოლიუმის დონის განსაზღვრა ორგანიზმში

ფოლიუმის დონის განსაზღვრა შესაძლებელია როგორც სისხლის შრატში, ასევე ერითროციტებში. ფოლიუმის დეფიციტის სკრინინგისთვის მის დონეს შრატში განსაზღვრავენ, ერითროციტების ფოლიუმის ტესტირება რუტინულად არ კეთდება.  

ანალიზამდე 8 საათის განმავლობაში პაციენტმა საკვები არ უნდა მიიღოს. ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შედეგებზე გავლენა იქონიოს, ამიტომ ექიმთან კონსულტაცია და ანალიზისთვის მოსამზადებლად კონკრეტული ინსტრუქციების მიღება აუცილებელია.

ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ექიმის მიერ. ზოგადად, ფოლიუმის ნორმალური დონე ნიშნავს, რომ პაციენტს მისი დეფიციტი არ აქვს ან ორგანიზმში არსებული ფოლიუმის მარაგი ჯერ არ ამოწურულა. ფოლიუმის ნორმალურზე დაბალი დონე მის დეფიციტზე მიუთითებს.

რისი დიაგნოსტირებისთვის ინიშნება?

ფოლიუმის ანალიზი ძირითადად, მეგალობლასტური ანემიისას ინიშნება. იგი ასევე შეიძლება დაინიშნოს მაშინ, როდესაც:

• პაციენტს ფოლიუმის დეფიციტის ნიშნები აქვს

• ფოლიუმის დეფიციტი დადგენილია და საჭიროა პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი

• საჭიროა მკურნალობის ეფექტურობის შეფასება ფოლიუმის დეფიციტის მკურნალობისას

• პაციენტს აღენიშნება მალაბსრობცია – ნაწლავებში საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევა, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა დაავადებით შეიძლება იყოს გამოწვეული (მაგ. ცელიაკიით). მალაბსორბციისას შესაძლებელია განვითარდეს ფოლიუმის დეფიციტი.