• იოდის დეფიციტი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

    27.07.2016

     
    ადამიანის ორგანიზმში იოდის ერთადერთი დღეისთვის ცნობილი ფუნქცია არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზში მონაწილეობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზმს საჭირო რაოდენობით არ მიეწოდება იოდი, ვერ ხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების საკმარისი რაოდენობით სინთეზი. ამ მდგომარეობას ჰიპოთირეოზი ეწოდება. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების გარდა, იოდის დეფიციტი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდებას, რასაც ენდემური ჩიყვი ეწოდება. ფერტილური ასაკის ქალბატონებისთვის იოდის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული ჰიპოთირეოზი შეიძლება გახდეს უშვილობის, ხოლო ორსულობის შემთხვევაში – სპონტანური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის, ბავშვის თანდაყოლილი ანომალიებისა და მკვდრადშობადობის მიზეზიც კი. ბავშვებს, რომელთა დედებს მძიმე იოდის დეფიციტი ჰქონდათ ორსულობის დროს, შესაძლოა განუვითარდეთ გონებრივი განვითარების სხვადასხვა ხარისხის შეფერხება, მათ შორის, ყველაზე შორს წასული ფორმა – კრეტინიზმი, ასევე პრობლემები ზრდასთან, სმენასა და საუბართან დაკავშირებით. კრეტინიზმი, რომელიც იოდის დეფიციტის უმძიმეს გამოვლინებას წარმოადგენს, დღეისათვის სამედიცინო იშვიათობაა, თუმცა იოდის მსუბუქი ან საშუალო დეფიციტი კვლავაც ახდენს თავის უარყოფით გავლენას როგორც ორსული ქალის, ასევე ბავშვის ჯანმრთელობაზე. ნორმაში TSH უნდა იყოს 0,4-4,0 μIU/L, თუმცა რამდენადაც ორსულობის პერიოდში მოთხოვნილება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე იზრდება, TSH-ს სხვადასხვა ნორმები აქვს ტრიმესტრების მიხედვით. საქართველო წარმოადგენს იოდის დეფიციტის ენდემურ კერას, ამდენად საქართველოში მცხოვრები ქალბატონები ორსულობის დაგეგმვის პერიოდში უნდა მოემზადონ იოდის საკმარისი რაოდენობის მიღებით.
     
    iodis_deficiti
     
    ამ საკითხის შესახებ ვრცელ ინფორმაციას ექიმ ნათია ვაშაყმაძის მიერ მომზადებულ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.