ST2 ბიომარკერია, რომელიც გულის ქრონიკული უკმარისობისა და მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში დაავადების პროგნოზის შეფასებისთვის გამოიყენება. იგი IL-1 (ინტერლეიკინ-1) რეცეპტორების ოჯახს მიეკუთვნება.
ტესტის ალტერნატიული დასახელებაა – IL1RL1 (Interleukin-1 Receptor Like 1 – ინტერლეიკინ-1 რეცეპტორის მსგავსი ცილა 1).
ST2-ს ორი იზოფორმა გააჩნია: ხსნადი ST2 (sST2) და უჯრედულ მემბრანასთან დაკავშირებული ST2 (ST2L). როდესაც ST2-ის ხსნადი იზოფორმის დონე დაბალია, ST2-ის ლიგანდი, IL33, უკავშირდება ST2L-ს და ავლენს კარდიოპროტექტორულ ეფექტს. ხოლო მაშინ, როდესაც ST2-ის რაოდენობა იმატებს, იგი ST2L-ს IL-33-თან დაკავშირებაში უწევს კონკურენციას. შედეგად, IL-33 ვეღარ უკავშირდება ST2L-ს და კარდიოპროტექტორული აქტივობაც მცირდება.
სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ST2-ის ხსნადი იზოფორმის რაოდენობის მატება ასუსტებს გულის ფუნქციას, იწვევს უჯრედების სიკვდილს და მიოკარდიუმის ფიბროზს.
რისი დიაგნოსტირებისთვის ინიშნება ტესტი ST2?
ST2-ის კონცენტრაციის განსაზღვრა გულის ქრონიკულ უკმარისობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკის პროგნოზირების საშუალებას წარმოადგენს. ST2 განიხილება, როგორც დიქოტომიური ბიომარკერი, რომლის დახმარებით შეიძლება გამოიყოს მაღალი და დაბალი რისკის მქონე პაციენტები.
აღსანიშნავია, რომ ST2-ის NT-proBNP-სთან ერთად გამოყენება რისკის უფრო ზუსტად პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა; თითოეული ეს ანალიზი დამოუკიდებელი მარკერია და მათი საშუალებით მიღებული ინფორმაცია ერთმანეთს ავსებს.
ST2-ის ანალიზი არ გამოიყენება გულის უკმარისობის დიაგნოსტირებისთვის. იგი ინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც უკვე დადგენილი აქვთ გულის ქრონიკული უკმარისობა.
როგორ კეთდება ეს ტესტი?
მოცემული ანალიზი სისხლის შრატში ხსნადი ST2-ის კონცენტრაციას განსაზღვრავს. ანალიზისთვის საჭიროა სისხლის ვენიდან აღება.
ტესტის ჩატარებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და ანალიზისთვის მოსამზადებლად ზუსტი ინსტრუქციების მიღება.
ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია ექიმის მიერ უნდა მოხდეს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ST2-ის დონე 35 ნგ/მლ არის ის ნიშნული, რომელიც მაღალი და დაბალი რისკის მქონე პაციენტების გამოყოფის საშუალებას იძლევა. პაციენტებს, რომლებშიც ST2-ის დონე 35 ნგ/მლ-ზე დაბალია, დაავადების მიმდინარეობის უკეთესი პროგნოზი აქვთ იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც ამ მარკერის უფრო მაღალი მაჩვენებელი აღენიშნებათ. 35 ნგ/მლ-ზე მაღალი ST2-ის დონე ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მომატებულ ალბათობასთან არის დაკავშირებული.
წყაროები:
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18827826
http://circheartfailure.ahajournals.org/content/2/6/684.long
http://circ.ahajournals.org/content/107/5/721.full